გლობალიზაცია


გლობალიზაცია
• ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe-ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global-მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ - გლობალიზაციის განმარტებისას ვლინდება. ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია როგორც ,,მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის საფუძველს წარმოების და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება წარმოადგენს. გლობალიზაციის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმანეთს უახლოვდება ფასები, საქონლის, მომსახურების, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისას, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური და საფონდო ბაზრების საქმიანობაში იხსნება ბარიერები“
Source: კეინსი მეინარდ ჯონ. გლობალიზაციის არსის განსაზღვრისათვის. // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003,
• აღსანიშნავია, რომ ტერმინი - ,,გლობალიზაცია“ ტექნიკური მეცნიერებიდან არის ,,ნასესხები“. ინფორმატიკის ენაზე გლობალიზაცია ისეთი პროგრამული ბირთვის შემუშავების პროცესს ნიშნავს, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებელი ქვეყნის ენასა და სტანდარტებზე. ჩვენი აზრით, თანამედროვე, მრავალმხრივი აღქმით გლობალიზაციას - საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ადამიანთა, მათი კვალიფიკაციისა და სულიერი ფასეულობების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება და ახალ, ინტერნაციონალურ, გლობალურ-რეგიონულ, ტერიტორიულ თუ ვიზუალურ სივრცეებში კოორდინაცია შეგვიძლია ვუწოდოთ.
Source: ნადარაია ოთარ. გლობალიზაციის მაკროეკონომიკური ინდექსი// ახალი აზრი, №8 (14),– დეკემბერი. 2003
• პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ და საინვესტიციო ბაზრებს იმოქმედონ საერთაშორისო ასპარეზზე, ძირითადად დერეგულირებისა და გაუმჯობესებული კავშირების შედეგად (კოლინზის ლექსიკონი). პროცესი, რომლის საშუალებითაც ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებას, რომელიც ხასიათდება საქონლისა და იდეეების გავრცელებით (დიფუზიით), შეუძლია გამოიწვიოს კულტურული წარმოსახვის სტანდარტიზაცია მსოფლიოს დონეზე (ბრიტანული ენციკლოპედია) უხეშად კონცენტრირებული სახით პოპულარული წარმოდგენები გლობალიზაციის შესახებ შესაძლებელია დავიყვანოთ შემდეგ 5 თეზისამდე: გლობალიზაცია არის - ა/ ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა; ბ/ გლობალური, საერთო-საკაცობრიო პრობლემების აღმოცენება; გ/ რამდენიმე ქვეყნის მიერ მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება; დ/ ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესების გავრცელება მთელს მსოფლიოში; ე/ ქვეყნების მიერ საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვა.
• ურთიერთობათა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეს და/ან მოთამაშეთა ჯგუფს (უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით) შეუძლია(თ) ისეთი პროცესების ინიცირება და მათზე ამა თუ იმ სახით გავლენის მოხდენა, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს მსოფლიოს მასშტაბით.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006,
• პროფესორი ზურაბ დავითაშვილი ადასტურებს, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე ტერმინი „გლობალიზაცია“ საერთოდ არ არსებობდა. იგი პირველად გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა ტ. ლევიტმა 1983 წელს. მან ამ ტერმინით აღნიშნა ცალკეული საქონლის ბაზრების შერწყმის მოვლენა, ხოლო გლობალიზაცია ფართო მნიშვნელობით, როცა იგი ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს, 1990 წლიდან გამოიყენება, როცა გამოქვეყნდა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის იაპონელი კონსულტანტის კ. ომეს წიგნი „მსოფლიო საზღვრებს გარეშე“ (Ohmae, 1990 წ.) და მ. ელბროუს კრებული „გლობალიზაცია: შემეცნება და საზოგადოება“. მ. ელბროუმ ამ ტერმინში გააერთიანა ყველა ის პროცესი, რომელთა წყალობით მსოფლიოს ხალხები ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში ერთვებიან (1990 წ.). ამგვარად, თუ დასაწყისში გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო, ძალიან სწრაფად ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა (პოლიტიკა, სოციალური მხარე, კულტურა, მენტალიტეტი). იგი გაერთიანების, შერწყმის სინონიმად იქცა (1, 183-184). ჯ. ბეილისი და ს. სმიტი გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას განასხვავებენ (Baylis and Smith, 2001). პირველ რიგში ესაა ინტერნაციონალიზაცია, როცა გლობალიზაციაში გულისხმობენ სახელმწიფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების როლის განუხრელ შემცირებას; მეორეა ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება სახელმწიფოებრივი შეზღუდვების მოხსნასა და შემცირებაში სახელმწიფოთაშორის მოძრაობასა და გადაადგილებაში ანუ ღია და ინტეგრირებულ ეკონომიკასა და მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლაში; მესამე მნიშვნელობით გლობალიზაცია არის უნივერსალიზაცია ანუ მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში; მეოთხე მნიშვნელობით (როგორც ეს ხშირად აღიქმება განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს) გლობალიზაცია არის ვესტერნიზაცია და პირველ რიგში მისი ამერიკული ფორმა; და ბოლოს, გლობალიზაცია, დეტერიტორიზაციის მნიშვნელობით, როცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი და ტერიტორიული საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს (იქვე, 187). რა თქმა უნდა, ეს ნიშნები მეტნაკლებად ახასიათებს გლობალიზაციას, მაგრამ გადამწყვეტი არ არის, ვინაიდან გლობალიზაცია ლიბერალიზაციის გარეშეც შეიძლება მოხდეს, ისევე როგორც უნივერსალიზაციის გარეშეც, ანუ პირიქით, უნივერსალიზაცია მოხდეს გლობალიზაციის გარეშე. ვესტერნიზაციამაც შეიძლება შეცვალოს მიმართულება გარკვეულ ისტორიულ პირობებში, მაგრამ ძირითადი გლობალისტური ტენდენცია შენარჩუნდეს და განვითარდეს, მოიცვას მთელი კაცობრიობა. რაც შეეხება ინტერნაციონალიზაციას, პროფ. ზ. დავითაშვილი მიუთითებს, რომ „იგივე ავტორები ხაზგასმით განასხვავებენ გლობალიზაციას ინტერნაციონალიზაციისაგან. მათი აზრით, ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს ინტენსიფიკაციას ნაციონალურ დონეზე, ე.ი. სახელმწიფოებს შორის. ამის შედეგად სახელმწიფოებმა შეიძლება ძლიერი ურთიერთგავლენა მოახდინონ ერთმანეთზე, ბევრი რამით დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც რჩებიან ერთმანეთისაგან განსხვავებული და განცალკევებული. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები, როგორც მჭიდროდაც არ უნდა იყვნენ ურთიერთდამოკიდებული, ნათლად გამოკვეთილი საზღვრებით არიან ერთმანეთისაგან გამიჯნული. ამისგან განსხვავებით, „გლობალური მსოფლიო გულისხმობს ზეტერიტორიულ და ზენაციონალურ სამყაროს, სადაც სახელმწიფოებრივი საზღვრები არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური ურთიერთობები შესაძლებელია თანაარსებობდეს და დღევანდელი მსოფლიოც ერთდროულად არის ინტერნაციონალიზირებულიც და გლობალიზირებულიც“. ცნობილი გერმანელი მოაზროვნე კარლ იასპერსი მიიჩნევდა (1948 წელს), რომ თანამედროვე გლობალიზაცია დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგი წერდა: „სწორედ ამ მომენტიდან იწყება მსოფლიოს, როგორც ერთიანი მთლიანობის, ისტორია“, „დედამიწა ერთიანი გახდა. თავს იჩენს ახალი საშიშროებანი და შესაძლებლობანი. ყველა არსებითი პრობლემა მსოფლიო პრობლემად იქცა, სიტუაცია – მთელი კაცობრიობის სიტუაციად“. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის დაწყების თარიღი უშუალოდ არის დაკავშირებული საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის მსოფლიო სისტემის დაშლასთან, ე.ი. 1992 წელთან, როდესაც პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური სივრცე გახდა ღია და მისაწვდომი დასავლური გლობალიზაციისათვის, კაპიტალის, საქონლის, შრომის რესურსებისა და იდეების თავისუფალი მიმოქცევისათვის. პროფესორი ზურაბ დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საყოველთაო გლობალიზაცია „მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან შეიძლება მომხდარიყო, როცა სოციალიზმის კრახი და საბჭოთა კავშირის დაშლა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულის მაუწყებელი გახდა. მხოლოდ ახალ საერთაშორისო ვითარებაში გახდა შესაძლებელი გლობალიზაციის პროცესი განვითარებულიყო“ (იქვე, გვ. 192). გამოდის, რომ გლობალიზაციის დაწყების დათარიღებისას არსებობს სამი ძირითადი პოზიცია: 1) გლობალიზაცია იწყება უძველესი დროიდან. 2) გლობალიზაცია იწყება მეორე მსოფლიო ომის დროიდან. 3) გლობალიზაცია იწყება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
• მოდის სიტყვიდან გლობალ, რაც ფრანგულად საყოველთაოს, მთლიანს, საერთოს ნიშნავს, აქედან, ცნებაც, ადვილი მისახვედრია, „გასაყოველთაოებას“ აღნიშნავს. ახლა ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ რის „გასაყოველთაოებაზეა“ საუბარი. მართალია, ცნებას თავდაპირველად მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ დღეს იგი უკვე, ფაქტობრივად, ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. როდესაც ვამბობთ ყველაფერს, ვგულისხმობთ დონეებს: ეკონომიკურს, პოლიტიკურსა და კულტურულ-რელიგიურს. ყველაზე ზოგადად, გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც მსოფლიოს დავიწროებას ახდენს. დედამიწას „პატარა დიდი სოფელი“ შეიძლება ეწოდოს. ეს არის ერთიანი „მსოფლიო საზოგადოება“ ამ სიტყვათწყობაში თუ სიტყვათშეთანხმებაში გერმანელი ფილოსოფოსი უ. ბეკი სიტყვა „მსოფლიოს“ განსხვავებულობის, მრავალფეროვნების მნიშვნელობას ანიჭებს, ხოლო „საზოგადოებას“ - არაინტეგრირებულობის. ამიტომ, გამოდის, რომ მსოფლიო საზოგადოება არის ერთიანობის გარეშე არსებული მრავალფეროვნება. უ. ბეკი განასხვავებს გლობალიზმს, გლობალურობასა და გლობალიზაციას. აღნიშნული განსხვავების მიზანია დაამსხვრიოს პოლიტიკურისა და საზოგადოებრივის ტერიტორიული ორთოდოქსულობა, რომელიც პირველი მოდერნის პროექტში ჩამოყალიბდა, დაუკავშირდა ეროვნულ სახელმწიფოს და მიიღო კატეგორიალურ-ინსტიტუციური აბსოლუტის სტატუსი. გლობალიზაციაში არ იგულისხმება მსოფლიო სახელმწიფოს არსებობა; უფრო ზუსტად: ესაა მსოფლიო საზოგადოება მსოფლიო სახელმწიფოსა და მსოფლიო მთავრობის გარეშე. ლაპარაკია გლობალურად დეზორგანიზებული კაპიტალიზმის გაფართოებაზე, ვინაიდან არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არსებობს ჰეგემონი ხელისუფლება და ინტერნაციონალური რეჟიმი. ერთი სიტყვით, გლობალური ნიშნავს ერთიან სივრცეს, მას უფრო გეოგრაფიული დატვირთვა ენიჭება. გლობალიზმი არის ამ სივრცეში მსოფლიო ბაზრის გაბატონების გამომხატველი ცნება. რაც შეეხება გლობალიზაციას, ეს არის პროცესი, ანუ ის, რაც გლობალიზმით გაჯერებულ გლობალურ მსოფლიოში ხდება და მიმდინარეობს, ანუ გლობალიზაცია არის ცოცხალი, დინამიური და მიმდინარე პროცესი, რომელმაც მსოფლიო ახალ წესრიგამდე უნდა მიიყვანოს. შესაძლოა, დღესდღეისობით, გლობალიზაცია თავად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგს, რადგან უახლოეს მომავალში სწორედ მისგან მომდინარე გამოწვევებზე მოუწევს საზოგადოებებს პასუხის გაცემა. გლობალიზაციის შესახებ შექმნილი თეორიები ისეთივე სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც თავად პროცესი. გლობალიზაცია დამყარებულია ადამიანთა ურთიერთობაზე, უფრო სწორად, სხვადასხვა საზოგადოებათა ურთიერთობაზე. ესე იგი, როცა საუბარია გლობალიზაციაზე, იგულისხმება ამ თუ იმ საზოგადოების ღირებულებათა გასაყოველთაოება. ხოლო საზოგადოებამ თავისი ღირებულებები საყოველთაოდ რომ აქციოს, საჭიროა იგი სხვა საზოგადოებებს გააცნოს და გაუთავისოს, რისთვისაც საჭიროა კონტაქტი. ესე იგი, ლოგიკურად მივედით დასკვნამდე, რომ გლობალიზაციის პირველი აუცილებელი პირობა სხვადასხვა საზოგადოების, სხვადასხავა კულტურული ერთობის ურთიერთობაა. საჭიროა გლობალიზაციის სათავე რომელიმე ისტორიულ ეპოქას დავუკავშიროთ. ამ მხრივ მეცნიერთა აზრი იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის სათავეები საძიებელია XV საუკუნეში, იგი უკავშირდება დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, როდესაც დედამიწის მაცხოვრებელთა უმეტესობამ მოახერხა ურთიერთგაცნობა. მკვლევართა ამ ჯგუფის აზრით, ეს იყო პირველი ფაქტი მსოფლიოს ხალხთა ურთიერთობისა, სწორედ ამ პერიოდში ხდება კულტურულ ღირებულებათა პირველი მასობრივი გაცვლა. მეცნიერთა მეორე ნაწილი თვლის, რომ გლობალიზაცია არის XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაწყებული მოვლენა, დაკავშირებული მნიშვნელოვან აღმოჩენებთან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში და მსოფლიოს განაწილების ერთი ეტაპის დამთავრებასთან. მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია XX საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენაა, რადგან მისი საფუძვლები საძიებელია ინფორმაციული ეპოქის დასაწყისში. „გლობალიზაციის“ დასავლურ ხედვას კარგად გამოხატავს ამ საუკუნის ორმოციან წლებში ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების ისტორია. მისი განხილვის დროს, დასავლეთის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა, კერძოდ, ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციამ, მელვილ ჰერსკოვიცის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, საჭირო იყო იმ ფაქტისათვის ყურადღების მიქცევა, რომ ყოველ საზოგადოებაში თავისუფლება თავისებურად ესმით. როგორც ბლეზ პასკალი ამბობდა, „ის, რაც ალპებს აქეთ ჭეშმარიტებაა, ალპებს იქით სიცრუეა“. მემორანდუმი ემყარებოდა ფორმულას: „ადამიანი თავისუფალია იმ შემთხვევაში, თუკი მას შეუძლია იცხოვროს თავისუფლების იმ გაგებით, რომელიც მის საზოგადოებაშია მიღებული“. მათი აზრით, ღირებულებებსა და ფასეულობებს სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ხასიათი აქვთ, ამიტომ, ყოველი მცდელობა - ჩამოყალიბდეს ისინი მხოლოდ ერთი რომელიმე კულტურის წარმოდგენებზე დაყრდნობით, ხელს უშლის ადამიანის უფლებათა ასეთი დეკლარაციის გავრცელებას მთელ კაცობრიობაზე. ოფიციალური დასავლეთისათვის ეს მემორანდუმი მიუღებელი აღმოჩნდა და მათ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მხოლოდ დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, „გლობალიზაცია“, ანუ დეკლარაციის გასაყოველთაოების მცდელობა დასავლური მოვლენაა.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
• როგორც ტერმინის განსაზღვრებები შეიძლება ორგვარად დავაჯგუფოთ ერთი, ტექნიკური და მეორე - პოლიტიკური სახის განმარტებები. ტექნიკური განმარტებები გარკვეული საერთაშორისო ეკონომიკური პროცესების აღწერით ასახავენ თანამედროვეობის ისეთ პროცესებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაადვილებული გზებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და აწარმოონ ბიზნესი საერთაშორისო დონეზე, წამებში გაავრცელონ და მოიპოვონ ინფორმაცია. არიან ისეთი მკვლევრებიც, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ გლობალიზაციას როგორც თანამედროვეობისათვის სიმპტომურ, განსაკუთრებულ მოვლენას. მათი მტკიცებით საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სახის ურთიერთობები განსაკუთრებით კი, ვაჭრობა ოდითგანვე არსებობდა, შესაბამისად, თანამედროვე ეპოქაში გლობალიზაციაზე კი არა, ტექნოლოგიის დახვეწაზე უნდა ვისაუბროთ მხოლოდ, რომელმაც ამგვარი პროცესები ბევრისთვის ხელმისაწვდომი და მასშტაბური გახადა. თუმცაღა, ამგვარი მოსაზრების მქონე მეცნიერების რიცხვი დღითიდღე მცირდება და სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს გლობალიზაციის, როგორც ახალი, თანამედროვე ფენომენის არსებობას. გლობალიზაციის განმსაზღვრელ მეორე ტიპის განმარტებებს მათი იდეოლოგიური დატვირთვის გამო, შეიძლება უფრო პოლიტიკური განმარტებები ვუწოდოთ. პოლიტიკური განმარტებების მიხედვით, საკმარისი არააა გლობალიზაციის მხოლოდ, როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური პროგრესისა და თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი პროცესების ამსახველი ნეიტრალური ცნების აღწერა, რადგან გლობალიზაცია წარმოადგენს დიდი პოლიტიკური მუხტის მატარებელ პროცესსაც, რომელიც საერთაშორისო არენაზე მყოფ ზოგიერთ ქვეყანასა და მის მოქალაქეებს უფრო ხელსაყრელ ვითარებაში აყენებს, ვიდრე სხვებს. გლობალიზაციის პოლიტიკურ განმარტებას ჩვეულებრივ ანტიგლობალისტები იძლევიან. ერთ-ერთი ასეთი განმარტების მიხედვით, გლობალიზაცია არის „ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების ექსპლუატირება მსოფლიოს ეკონომიკური სისტემების დაკავშირების გზით, და მათი იძულება დაემორჩილონ და დამოკიდებულიც კი გახდნენ დასავლურ კაპიტალისტურ წესწყობილებაზე.“ ანტიგლობალიზმი კი, შესაბამისად წარმოადგენს „ხალხის მოძრაობას, მიმართულს იმისაკენ, რომ დაითრგუნოს გლობალიზაციური პროცესები, რომლებიც უდავოდ პოლიტიკური ნიშნის მატარებელია და უთანასწორობა მოაქვს“. არსებობს ადამიანთა მთელი რიგი ვინც ანტიგლობალისტობისგან ან გლობალისტობისგან გადაიხარა ალტერნატიული იგივე ალტერგლობალისტობისკენ. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის მკვლევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია გლობალიზაციის შეჩერება ან შეწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ მისი შეცვლა, ისე, რომ იგი სოციალურად ორიენტირებული და მაქსიმალურად ჰუმანური ანუ ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი იყოს.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
• ასახავს ყველა იმ პროცესს, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიოს ხალხები ერთ მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ საზოგადოებაში ერთიანდებიან. - მარტინ ელბროუ
Source: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
• ექსპერტების ნაწილის აზრით, გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც განპირობებულია საბაზრო და არა სახელმწიფოებრივი ძალებით. იმისათვის, რომ მოიზიდონ კაპიტალი და იფიქრონ კეთილდღეობაზე, ასევე ისარგებლონ საკუთარ ეკონომიკაზე თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიების გავლენის ნაყოფით, სახელმწიფოებმა თავი უნდა მოიქციონ დაბალანსებული ბიუჯეტის, ეკონომიკის პრივატიზაციის, ინვესტიციების და საბაზრო ნაკადების ღიაობის, ვალუტის სტაბილურობის „ოქროს კორსეტში“. გლობალიზაცია ნიშნავს ცხოვრების ჰომოგენიზაციას: ფასები, პროდუქტები, ჯანდაცვის დონე და ხარისხი, შემოსავლების დონე, პროცენტიანი საბანკო განაკვეთები მსოფლიო დონეზე თანდათან თანაბრდება. გლობალიზაცია ცვლის არა მარტო მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებს, არამედ მის სტრუქტურასაც. ძალას იკრებს კაცობრიობაზე არნახული გავლენის მქონე პროცესი, რომელიც ტრანსკონტინენტური და რეგიონთაშორისი ნაკადების გენერირებას ახდენს, რის შედეგადაც იქმნება გლობალური მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულება. რამდენად კარგია ამგვარი უნიფიკაცია და რამდენად შეესაბამება იგი ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტურ ტენდენციებს - სულ სხვა საკითხია.
• წარმოადგენს, უბრალოდ, დასავლური მოდერნიზმის გლობალურ დიფუზიას, განვრცობას, ანუ გაფართოებულ ვესტერნიზაციას - დასავლური კაპიტალისა და დასავლური ინსტიტუტების გავრცელებას (განვრცობას) - ამ აზრს ავითარებს ს. ამინისა და ლ. ბენტონის თეორიები.
• ამერიკელი თეორეტიკოსის ნ. გლეიზერის აზრით, გლობალიზაცია არის მსოფლიო მასშტაბით დასავლეთის მიერ რეგულირებადი იმ ინფორმაციის და გართობის საშუალებების „გავრცელება, რომლებიც შესაბამის ეფექტს ახდენს ფასეულობებზე იმ ადგილებისა, სადაც ეს ინფორმაცია აღწევს...“
• მსოფლიოს ტრანსფორმაციის უდიდესი ძალა, რომელიც პასუხს აგებს საზოგადოებებისა და ეკონომიკების ევოლუციაზე, ასევე მართვის ფორმებისა და მსოფლიო წესრიგის ცვლილებებზე. იგი თანდათანობით ანგრევს სამამულოსა და უცხოურის გაგებას და განსხვავებას საშინაო და საგარეო პრობლემებს შორის.
Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ. ; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [EFN: 31727]

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "გლობალიზაცია" в других словарях:

  • კულტურული გლობალიზაცია — • მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1, თბ, 2007 • დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან… …   Georgian encyclopedia

  • ეკონომიკის გლობალიზაცია — ობიექტური მსოფლიო პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. იგი პლანეტას ერთიან ორგანიზმად აყალიბებს და ხელს უწყობს მისი ყველაზე დაშორებული კუთხეების განვითარებას. ეკონომიკის გლობალიზაცია არის სისტემა შემქმნელი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისა და… …   Georgian encyclopedia

  • დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია — გლობალურ კულტურაში არსებობს ელიტარული სექტორი, რომელიც ხშირად ერთვის საქმიან კულტურას, ხშირად კი უპირისპირდება მას. ეს არის დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია, რომელსაც ბერგერმა უწოდა ინტელექტუალთა საკლუბო კულტურა (faculty club culture). მისი… …   Georgian encyclopedia

  • რისკის გლობალიზაცია — რისკის გარემოს გავრცელება კაცობრიობის ფართო სეგმენტებზე, რისკის გარემოში ადამიანების დიდი მასებია მოქცეული (მაგ. ფინანსურ ბაზრებზე მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, შეიარაღებული კონფლიქტები, ნავთზე ფასების გაძვირება, კორპორაციების კრახი და ა.შ …   Georgian encyclopedia

  • ექსპანსია — (ლათინურიდან expansio გაფართოვება, გავრცელება) ანუ [რაღაცის] ზომის, მოცულობის, რაოდენობისა ან ზღვარის გაფართოვებაზე მიმართული ქმედება. ფაქტიურად გლობალიზაცია შესაძლებელია დახასიათდეს როგორც [დედამიწის სასრულ სივრცეში] ლოგიკურ ზღვარს მიღწეული… …   Georgian encyclopedia

  • გლობალური პოლიტიკის ევოლუციის სტადიები — პირველი გლობალიზაცია 7 8 წამყვანი გლობალური მოთამაშე უშუალოდ აკონტროლებს დედამიწის ტერიტორიისა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. სხვა დამოუკიდებელი სუბიექტების რაოდენობა შედარებით მცირეა, მათზე წამყვანი მოთამაშეების გავლენა, ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ …   Georgian encyclopedia

  • ნეოლიბერალები — დღევანდელი ნეოლიბერალები მხარს უჭერენ თავისუფალ ვაჭრობას და საბაზრო ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მიილტვიან მათი მოქალაქეების უფლებების… …   Georgian encyclopedia

  • ტერორიზმი — • 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • გადარჩენა — ყველა სახელმწიფოს უპირველეს მიზანს გადარჩენა წარმოადგენს. ესაა უპირველესი ეროვნული ინტერესი, რომელიც ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ უნდა დაიცვას. ყველა სხვა მიზნები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება მეორადია („მდაბიო პოლიტიკა“).… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.